პერსონალურ მონაცემთა ანბანი თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს და შესაძლო საფრთხეებს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი გზით ავუხსნათ პერსონალური მონაცემების არსი და დავეხმაროთ მათი უსაფრთხოების მნიშვნელობის გაცნობიერებაში.
ანბანში თავმოყრილი მონაცემების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით გაჩენილ ნებისმიერ შეკითხვაზე მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.
ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.
თითის ანაბეჭდი უნიკალურობის გამო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიომეტრიული მონაცემია. გამოიყენება პიროვნების იდენტიფიცირების, ვიზის გაცემისა და საზღვრის კონტროლის, საცავებში ან საიდუმლო ობიექტებზე შესვლის, გამოძიების მიზნებისთვის.
ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება, როგორც წესი, დასაშვებია უსაფრთხოების, საკუთრებისა და საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. კერძო ორგანიზაცია ანაბეჭდის აღებამდე ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა მიზნით გამოიყენებს თქვენს მონაცემს და რა ზომებს მიიღებს მის დასაცავად.
დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საბანკო ანგარიშიდან შესრულებული ფინანსური ტრანზაქციების, მათი დანიშნულებისა და თარიღის შესახებ. გამოიყენება ანგარიშზე თანხების მიმოქცევის კონტროლის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციაში, მაგალითად საელჩოში წარსადგენად.
ამონაწერის მიღება შეუძლია მხოლოდ ანგარიშის მფლობელს უშუალოდ ბანკში ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა ბანკის ამონაწერის მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია და საფინანსო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას საბანკო საიდუმლოება.
გვარი პერსონალური მონაცემია, რომელიც პირს დაბადების რეგისტრაციისას ენიჭება. მითითებულია პრაქტიკულად ყველა დოკუმენტში, მათ შორის პასპორტში, მართვის მოწმობაში, დიპლომში, ხელშეკრულებებში. ინახება საჯარო და კერძო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში.
მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გვარის შეცვლა შესაძლებელია. კანონმდებლობა ასევე განიჭებთ უფლებას, მოითხოვოთ დოკუმენტში ან ბაზაში შეცდომით დაფიქსირებული გვარის შესწორება. სხვა პერსონალურ მონაცემებთან, მაგ. სახელთან და დაბადების თარიღთან კომბინაციაში გვარი შესაძლოა გახდეს პირის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.
პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს. ძირითადად გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის და ინახება სამედიცინო დაწესებულებებში. დიაგნოზი შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობისას.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების მიმართ კანონმდებლობა დაცვის განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს აწესებს. შესაბამისად, ორგანიზაციას არ აქვს უფლება გაამჟღავნოს დიაგნოზი პაციენტის თანხმობის გარეშე, თუ ეს არ ხდება მისი სასიცოცხლო ინტერესიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი შემთხვევებიდან გამომდინარე.
პერსონალური მონაცემი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციისთვის გამოიყენება, თუმცა ამ ფარგლებს უკვე დიდი ხანია გაცდა და პირის ელექტრონული იდენტობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ელექტრონული ფოსტის გარეშე შეუძლებელია დარეგისტრირება სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვებგვერდებსა თუ ონლაინ მაღაზიებში. ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებას ხშირად ითხოვენ ღონისძიებაზე რეგისტრაციისას, დისტანციური მომსახურების გაწევისას, დასაქმებისა და სხვა მიზნებისთვის. სახელთან, გვართან და ტელეფონის ნომერთან ერთად მითითებულია სავიზიტო ბარათებზე.
ეს მონაცემი ხშირად ხდება თაღლითების სამიზნე. გამოიყენება არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების, საეჭვო შემოთავაზებების, ე.წ. Spam-ის გამოსაგზავნად, სხვა მონაცემებთან კომბინაციაში კი პიროვნების მითვისების (Identity Theft) მიზნითაც.
ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ყურადღებით წაიკითხოთ იმ ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy), სადაც მისი საშუალებით რეგისტრირდებით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ერთი და იგივე ელექტრონული მისამართი სამსახურეობრივი მიმოწერისთვის და მაგალითად სოციალურ ქსელში ან ონლაინ-შესყიდვების საიტზე დასარეგისტრირებლად. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ელექტრონული ფოსტის პაროლი მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.
ფიზიკური პირის ვიდეო გამოსახულება წარმოადგენს გამოსახულებათა თანმიმდევრულ ჩანაწერს, რომელიც შეიძლება შეიქმნას ვიდეოთვალთვალის, ვიდეოკამერის, სმარტფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის დახმარებით. ფიზიკური პირის ამსახველი ვიდეო გამოსახულების შეგროვება ყველაზე დიდი მოცულობით შენობებში, ქუჩებში, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ადგილებში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემის საშუალებით ხდება. ვიდეოგამოსახულება, ასევე, გამოყენება ადამიანის ამოსაცნობად, კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილზე მისი მდებარეობის და მის მიერ განხორციელებული ქმედების დასადგენად.
ვიდეოთვალთვალის სისტემის საშუალებით ჩანაწერების შეგროვება მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების, ასევე საიდუმლო ინფორმაციის ან არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისთვის შეიძლება. გამოსახულების ამსახველი ჩანაწერები კი ხელმისაწვდომი მხოლოდ სათანადო უფლებამოსილ პირთა ვიწრო წრისთვის უნდა იყოს.
ფიზიკური მახასიათებლებიც პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს. წონა, სიმაღლე და სხეულის სხვა პარამეტრები შეიძლება აღირიცხებოდეს სამედიცინო დაწესებულების, გამაჯანსაღებელი ან სპორტული ცენტრის მიერ. ხშირად თქვენი სხეულის პარამეტრების მითითებას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიტნეს აპლიკაციებიც ითხოვენ. ეს, როგორც წესი, ვარჯიშის დაგეგმვის, კალორიების თვლისა და სხვა მსგავსი მიზნით ხდება, თუმცა თქვენი თანხმობის შემთხვევაში შესაძლოა ეს მონაცემები სხვა მიზნებითაც გამოიყენონ. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი აპლიკაცია, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენის შესაძლებლობას გაძლევთ, ასევე გაასწოროთ მოძველებული ან არასწორი ინფორმაცია.
თვალის ფერადი გარსი, რომელსაც ასევე „ირისს“ უწოდებენ, თვალის გუგის ირგვლივ მდებარე ფერადი კუნთოვანი რკალია. უნიკალურობიდან და მუდმივობიდან გამომდინარე ბიომეტრიულ მონაცემს განეკუთვნება. თვალის ფერადი გარსის სკანირება პირის იდენტიფიცირების უტყუარი საშუალებაა. ცალკეული ქვეყნები უკვე განიხილავენ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მისი ელექტრონულად დატანის საკითხს, მაგალითად, საზღვრის კვეთის დროს პირის ზუსტი იდენტიფიცირებისათვის.
თვალის ფერადი გარსის მეშვეობით პირის იდენტიფიცირება, როგორც წესი, დასაშვებია უსაფრთხოების, საკუთრებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
ინტერნეტის მომხმარებლის მიერ გამოყენებული ვებგვერდების ჩამონათვალი, რომელსაც ბრაუზერი ინახავს. მოიცავს ვებგვერდის დასახელებას, ვიზიტის დროს და კონკრეტულ ლინკს. უფრო ფართო გაგებით, ინტერნეტის ისტორია ასახავს მომხმარებლის მიერ ინტერნეტში დატოვებულ ნებისმიერ კვალს - Google-ში ძებნას, მოწონებას, გაზიარებას, კომენტარს სოციალურ ქსელებში, მზა ჩანაწერებში (cookies) შენახულ ინფორმაციას და ა.შ.
ინტერნეტისტორია გამოიყენება მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების შესასწავლად, რეკლამის სამიზნე აუდიტორიაზე მოსარგებად, სტატისტიკური ანალიზისთვის. ასევე მისით შეიძლება დაინტერესდეს თქვენი ოჯახის წევრი, კოლეგა, საგამოძიებო უწყება და სხვა.
ინტერნეტის ისტორიაზე ხელმისაწვდომობის სრული შეზღუდვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არსებობს კონტროლის მექანიზმები: ინკოგნიტო ფანჯრის გამოყენება, მზა ჩანაწერებზე უარის თქმა, სიფრთხილის გამოჩენა სამსახურეობრივი კომპიუტერის გამოყენებისას, ვებგვერდების კონფიდენციალურობის და სარეკლამო პოლიტიკის გაცნობა და რა თქმა უნდა, ისტორიის წაშლა, რის საშუალებასაც ნებისმიერი ბრაუზერი იძლევა.
კომუნიკაციის დაცულობა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თუმცა შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ დაცვა სჭირდება არა მხოლოდ კომუნიკაციის შინაარსს, არამედ მისი მონაწილეების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებსაც. კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები (მაგ. ოპერატორები, სერვის პროვაიდერები) ფლობენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელი და მისამართი, ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართი, კომუნიკაციის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა, შემოსული და გასული ზარები, გამოყენებული ინტერნეტ და სატელეფონო სერვისები, მობილური აღჭურვილობის იდენტიფიკატორი (IMEI) და სხვა. კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანია ვალდებულია დაიცვას ამ მონაცემების კონფიდენციალურობა. სამართალდავცველ ორგანოებს კი ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეუძლიათ.
ინფორმაცია ფიზიკური პირის ან მასთან დაკავშირებული რომელიმე ელექტრონული მოწყობილობის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს გეოგრაფიული ადგილსამყოფელი, გადაადგილება მიმართულება ან დრო. ამ ტიპის ინფორმაციას იყენებენ მობილური ქსელები და აპლიკაციები მაგალითად, მობილურ ოპერატორს ლოკაცია ტელეფონის ანძასთან დასაკავშირებლად სჭირდება, ხოლო რუკის აპლიკაციას დანიშნულების ადგილამდე გზის საჩვენებლად.
ინფორმაციას ლოკაციის შესახებ ხშირად თავადაც გავცემთ. მაგალითად, ვაძლევთ წვდომის უფლებას საეჭვო ინტერნეტ აპლიკაციებსა და ვებგვერდებს, ვაკეთებთ cheсk-in-ს სოციალურ ქსელებში და ა.შ. ლოკაციის შესახებ ინფორმაციის გაცემამდე მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ რამდენად სანდოა აპლიკაცია თუ ვებგვერდი, რომელსაც ამ მონაცემის გამოყენების უფლებას აძლევთ.
არის პერსონალური მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს ფიზიკური პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ან იურიდიული ადგილსამყოფელი. მისამართი გამოიყენება პირთან დასაკავშირებლად - მისთვის წერილის, დოკუმენტის ან ნივთის გასაგზავნად. მისამართის შესახებ ინფორმაცია ინახება, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებში, მაგალითად, სამოქალაქო რეესტრში, ბანკებში, სკოლებში, დამსაქმებელთან და ა.შ. ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას ინფორმაცია მისამართის შესახებ და არ გასცეს ის მესამე პირებზე, თუ არ არსებობს მფლობელის თანხმობა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
თუ ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი ითხოვს თქვენგან მისამართის მიწოდებას, თქვენ გაქვთ უფლება დასვათ შემდეგი კითხვები: რა მიზნით გამოიყენება ეს მონაცემი და რამდენად აუცილებელია მისი გამჟღავნება.
ნასამართლობა არის პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ცალსახად მიანიშნებს დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირი ნასამართლევად ითვლება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის თუ დანაშაულის კვალიფიკაციისას. ამ ინფორმაციას ხშირად ითხოვენ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს განეკუთვნება, დაცულია სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზებში და მასზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია. მისი გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ნასამართლობა არ წარმოადგენს მუდმივ მონაცემს და მისი მოხსნის ან გაქარწყლების შემდგომ პირი ნასამართლობის არ მქონედ ითვლება.
ინფორმაცია ჩვენი პირადი ცხოვრებისა და სტატუსის შესახებ, რომელიც ხშირად ხდება უცხო ადამიანების ინტერესის საგანი. ოჯახური მდგომარეობის ველი გვხვდება სამსახურის მაძიებლების ანკეტებსა და სავიზო განაცხადის ფორმებში, სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობისას, რაც, როგორც წესი, გულისხმობს, რომ უნდა გაამჟღავნოთ ინფორმაცია იმყოფებით ან ყოფილხართ თუ არა ქორწინებაში.
თუ ორგანიზაცია ცდილობს თქვენგან ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თქვენ გაქვთ უფლება დაინტერესდეთ, რის საფუძველზე და რა მიზნით დამუშავდება თქვენი მონაცემები და რამდენად სავალდებულოა ამ ინფორმაციის გამჟღავნება.
პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომელიც მას დაბადების რეგისტრაციისას ენიჭება. პირადი ნომერი მითითებულია ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა და ა.შ. იმის გამო, რომ ორი იდენტური პირადი ნომერი არ არსებობს, იგი პირის იდენტიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მონაცემია და მისი გამოყენებით მონაცემთა ბაზებში ბევრი სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ პირადი ნომრის შემცველ დოკუმენტებს განსაკუთრებული გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
არავერბალური კომუნიკაციის გამომხატველი ფორმა, რომელიც თითოეული ადამიანის მახასიათებელი ნიშანია. ჟესტიკულაციამ შესაძლებელია იმაზე მეტი ინფორმაცია გასცეს ჩვენ შესახებ, ვიდრე გვგონია. კვლევებით დასტურდება, რომ კომუნიკაციის 60-80% ხდება არავერბალურად.
ჟესტიკულაციით შესაძლებელია მოხდეს ადამიანის ამოცნობა, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა და ქცევითი მახასიათებლების განსაზღვრა, დადგინდეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა კონკრეტულ მომენტში. ჟესტიკულაციას ითვალისწინებენ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენისას.
ჩვენი დასაქმება, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა და კარიერული განვითარება ხშირად რეზიუმეზეა დამოკიდებული. ეს დოკუმენტი უამრავ პერსონალურ მონაცემს შეიცავს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ჰობი, ინტერესები და სხვა. სასურველია, რეზიუმეში მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია მივუთითოთ და დოკუმენტის გაგზავნამდე გადავამოწმოთ მონაცემების სიზუსტე და ნამდვილობა.
სესხის შესახებ ინფორმაცია მოიცავს გამსესხებლის, მსესხებლის, თავდების მონაცემებს, ასევე სესხის ოდენობას, ხანგრძლივობას, ვადის გადაცილებას, საპროცენტო განაკვეთს, ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობას და სხვა უამრავ დეტალს. სესხის შესახებ ინფორმაციას ინახავენ კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხის კომპანიები, საკრედიტო ბიუროები, ე.წ სესხის ამომღები ორგანიზაციები, ნოტარიუსი და სხვა პირები.
სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით. მისი მესამე პირებისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ პირის თანხმობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის მესამე პირებითვის მონაცემთა გადაცემას ეხება.
ციფრთა კომბინაცია, რომელიც მფლობელთან ზარით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ინტერნეტით დაკავშირების საშუალებას იძლევა, ასევე გამოიყენება სოციალურ ქსელებში და ისეთ აპლიკაციებში რეგისტრაციისას, როგორიცაა Viber, Whatsapp და სხვა. ინახება საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში.
ტელეფონის ნომრის მოპოვება ძირითადად უშუალოდ მოქალაქისგან ხორციელდება. ხშირად სარეკლამო შეტყობინებებს მხოლოდ იმის გამო ვიღებთ, რომ ოპერატორს ნება დავრთეთ გამოეყენებინა ჩვენი ტელეფონის ნომერი მისი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგული მიზნებისთვის, ან რომელიმე ვებ გვერდზე გავასაჯაროვეთ ის. ტელეფონის ნომერი მფლობელის შესახებ ბევრი სხვა ინფორმაციის შეგროვების საშუალებასაც იძლევა. ამის გადასამოწმებლად შეგიძლიათ საკუთარი ნომრის „დაგუგლვა“ სცადოთ.
თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და ხშირად ჩვენი განათლება, პროფესიული არჩევანი თუ კარიერული ზრდა ჩვენ უნარებზე და მათი განვითარების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ზოგად უნარებთან ერთად ადამიანი ფასდება მისი შემოქმედებითი, ანალიტიკური, სოციალური, ტექნიკური თუ ინტერპერსონალური უნარებით. ეს მონაცემები მითითებულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით რეზიუმეში (CV), კანდიდატთა თუ თანამშრომელთა შეფასების ფორმებში, რეკომენდაციებში, დახასიათებაში, ტესტირებისა და ატესტაციის შედეგებში.
ციფრულ ან ბეჭდურ ფორმატში გადატანილი გამოსახულებაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს. გამოიყენება პირადობის დამადასტურებელ და სამგზავრო დოკუმენტებში, საშვებსა და პირად საქმეებში. ყველაზე მეტად ფოტოების გასაჯაროება სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. დაფიქრდით როგორც საკუთარი, ისე სხვისი, განსაკუთრებით ბავშვების ფოტოების სოციალურ ქსელებში გავრცელებისას. არასასურველი ფოტოს გასაჯაროებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ, როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში.
უძრავი და მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელსაც ფლობთ, სარგებლობთ და განკარგავთ. მაგალითად, სახლი, მიწა, ფული, ფასიანი ქაღალდები, ავტომობილი, ძვირფასეულობა, ტექნიკა და სხვა. ქონების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა მისი გამჟღავნება მხოლოდ მფლობელის თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. გამონაკლისს, მაგალითისთვის, წარმოადგენს საჯარო რეესტრი, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია უძრავი ქონების მესაკუთრეთა შესახებ. გამონაკლისია თანამდებობის პირთა დეკლარაციაც, რომლებიც ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გაასაჯაროონ მონაცემები მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
ღეროვანი უჯრედი, როგორც გენეტიკური მონაცემი, უნიკალურობისა და თვითაღდგენის უნარიდან გამომდინარე ძირითადად გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა თანამედროვე მეთოდები და ხელსაწყოები ღეროვანი უჯრედით პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობასაც იძლევა. გენეტიკური მონაცემების დაცულობისთვის მნიშვნელოვანია ღეროვანი უჯრედების ფიზიკური უსაფრთხოება და მათი სათანადო წესით შენახვა.
თანამედროვე სკოლებში ფიზიკისა და ისტორიის ნიშნებთან ერთად უკვე ვეღარ შეხვდებით ყოფაქცევის ნიშანს, თუმცა, ზოგჯერ მოსწავლეების ყოფაქცევა სხვადასხვა ფორმით აღირიცხება და აისახება ამა თუ იმ დაწესებულებისთვის წარსადგენ ცნობებსა თუ დასახასიათებებში. ამ მონაცემების დამუშავება შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ წაიშალოს და განადგურდეს.
არასრულწლოვანს და მის კანონიერ წარმომადგენელს აქვთ უფლება იცოდნენ, რა სახის ინფორმაცია ინახება ორგანიზაციაში ბავშვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვონ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა. ბავშვების პერსონალური მონაცემების გამოყენება უნდა ხდებოდეს მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
ინფორმაცია შვილად აყვანის შესახებ. განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, მკაცრად კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. შვილების საქმეს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს აღნიშნული ინფორმაცია.
ჩვენება არის სასამართლოში მოწმის, ბრალდებულის, დაზარალებულის მიერ მიცემული ინფორმაცია საქმის გარემოებების შესახებ. როგორც წესი, მასში არაერთი პირის პერსონალური მონაცემია მოცემული. ჩვენება აისახება არა მხოლოდ სასამართლო სხდომის ოქმში, არამედ სასამართლო პროცესის აუდიო და ვიდეოჩანაწერებში. შესაძლებელია ჩვენების მიცემის პროცესის ტრანსლირება პირდაპირი ეთერითაც მიმდინარეობდეს. ჩვენების მიმცემი პირის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს მისი გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.
ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შეიცავს ინფორმაციას, მოიხმარა თუ არა პირმა გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალება, ან იმყოფება თუ არა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. ცნობა, როგორც წესი, გაიცემა უშუალოდ პირზე და მას აქვს უფლება არ გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია. გამონაკლისია საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევა, როდესაც კანდიდატი, ან საჯარო მოხელე ვალდებულია წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. მას გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტების დაცვით.
ოჯახში ძალადობის პრევენცია, ძალადობის გამოვლენა და აღკვეთა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ძალადობის მსხვერპლის სტატუსი ენიჭება ოჯახის წევრს, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება. ამგვარი სტატუსის განსაზღვრა შეუძლია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს. სტატუსის მინიჭების შემდეგ მსხვერპლს აქვს უფლება ისარგებლოს სახელმწიფო თავშესაფრით. ძალადობის მსხვერპლის ვინაობა, ადგილსამყოფელი, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მხოლოდ კანონით დადგენილი წესითაა შესაძლებელი.
ინფორმაცია წარმომავლობის შესახებ შეიძლება შეიცავდეს მონაცემებს პირის ან მისი ოჯახის, წარმოშობის ადგილის, გენეტიკური მემკვიდრეობის, სოციალური სტატუსის შესახებ. ოფიციალურ დოკუმენტებში ძირითადად მითითებულია ეთნიკური, ეროვნული ან რასობრივი წარმომავლობა. ინფორმაცია ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დაცვის მაღალ სტანდარტს აწესებს.
კანონმდებლობის მიხედვით პერსონალური მონაცემი უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი. შესაბამისად, ჭორი არ არის პერსონალური მონაცემი, თუმცა მისი გავრცელებით შესაძლოა პირს მიადგეს მორალური ან მატერიალური ზიანი. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და მათი შელახვის შემთხვევაში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
„გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით. გაცნობებთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება.“ ეს ტექსტი უცხო ალბათ არავისთვისაა, თუმცა ალბათ ბევრს არ უფიქრია, რომ ეს პერსონალური მონაცემის დამუშავების შესახებ ინფორმირებას წარმოადგენს. სატელეფონო მომსახურება არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა თქვენი ხმა იწერება. სხვადასხვა შემთხვევებში შეიძლება შევხვდეთ სათვალთვალო კამერებს, რომლებსაც ხმის ჩაწერის ფუნქციაც აქვთ, აუდიოჩაწერა ხორციელდება სასამართლო დარბაზებში და სხდომებზე. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ჩანაწერების შემდგომი გავრცელება თქვენი თანხმობის გარეშე დაუშვებელია, თუნდაც “საახალწლო კურიოზების” კონტექსტში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს და დაცულია როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იძლევა პირის დიაგნოზი, დანიშნული თუ მიღებული მკურნალობის მეთოდები და შესაბამისი გამოკვლევების შედეგები. ეს მონაცემები, როგორც წესი, ინახება სამედიცინო დაწესებულებებში და მათი მესამე პირებისთვის გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირის თანხმობით, ან, მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სასიცოცხლო ინტერესების დაცვის მიზნით და სხვა.
ჰონორარი, ძირითადად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების, ავტორებისა და ადვოკატების ფულადი გასამრჯელოა. ავტორს, ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ჰონორარის ოდენობა და შეთანხმების სხვა პირობები, როგორც წესი, კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მხოლოდ მხარეთა თანხმობითაა შესაძლებელი. თუმცა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ის შეიძლება გასაჯაროვდეს კიდეც, მაგალითად მაშინ, როცა საქმე საბიუჯეტო სახსრების განკარგვას ეხება.